შეყვარებული იდიოტი

ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და მთელი ეს დრო ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლის განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება. ეს უკანასკნელი აქამდეც იცოდა რომ შეუძლებელი იყო მაგრამ თურმე შეუძლებელია არაფერია, ეს სხვა გამოცდილებამ დაუდასტურა, მხოლოდ დროა საჭირო, დრო და შორი მანძილი, თუმცა ამ შემთხვევაში გაბრაზება და ტკივილი იმაზე ძლიერია, რომ არაამქვეყნიური ხმით, ყველაზე უკანასკნელი სიტყვების ბოლო ხმაზე ღრიალიც კი არ ერიდება.

იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ფიქრობს, გარდა იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები, ზის სამარისებულ სიჩუმეში და სიმწრის ღიმილი აქვს ტუჩებზე შემხმარი. როცა ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცოტაც, სულ ცოტა დროც და ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა (და თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ ჯეროდა ბოლომდე ამის) ზუსტად მაშინ თვალწინ თმამად აუფრიალეს სადომაზოხისტური რეალობა, სადაც თვითონ გაყო თავი, იცოდა ეს მაზოხიზმი რასაც ნიშნავდა მაგრამ მაინც გარისკა.

სხვები მასთან არ არიან ვალში, არ არიან ვალდებულები მას ანგარიში გაუწიონ, თუმცა ან რა იციან მათ, რას გრძნობს ის, ან რა უნდა მათგან მას.. მაგრამ ის კი იცის, რომ რაც უკვე მკვდარია ის ვეღარ მოკვდება. ზის სამარისებულ სიჩუმეში და არავინ ყავს, მარტოა და დიახ, ასეც უნდა იყოს, ვის რაში ჭირდება. არა, ჭირდებათ მაგრამ მხოლოდ ”ჭირდებათ„ და არა ისე, როგორც თვითონ მას ჭირდება. გაიღიმე, მე ეს მჭირდება. არადა, მართლა როგორ გიხდება. არა, არ იცის მან საკუთარი თავის ფასი, ფიქრობს რომ ყველა ადამიანი იმსახურებს შანსს, რომ შეცდომები გამოასწოროს, როგორც ერთ დროს თვითონ მიიღო და მაინც ვერ გამოიყენა, იცის ამ შანსის ფასი და ისიც, თუ როგორია, როცა ხელმეორედ კარგავ მას. იცის და ამიტომ არ უშლის ხელს მას, ისევ ისე, როგორც ადრე, როგორც სხვასთან, როგორც ყველა შემთხვევაში, ისევ უნდა რომ ისიც ბედნიერი იყოს, თუ კი მოახერხებს ის ამას.. უნდა სცადოს, სხვა გზა არ აქვს, ის უნდა იყოს ბედნიერი, იმსახურებს!!

..საბოლოოდ კი ეს უუნარობა დაღუპავს, უუნარობა, რომ იბრძოლოს, თუმცა ალბათ შეეცდებოდა კიდეც ბრძოლას, რომ არ იცოდეს რა მცირე შანსებია მოგების. მოგების დიადი მომენტი და მისი სიტკბო გვერდით გადავდოთ და მას არასოდეს უნდოდა ასეთი ბედნიერება, სხვისი უბედურების ხარჯზე, ეს მისი მორალია, მისი თავმოყვარეობა და რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა დაიტანჯოს თავის პრინციპს არასოდეს უღალატებს (თუმცა მოღალატეა, ძალიან ბევრჯერ უღალატია, ბევჯერ უტკენინებია გული საყვარელი ადამიანისთვის), არასოდეს იქნება მესამე..

დაღლილი და ყელში ბურთგაჩხერილი ზის და ფიქრობს, თვალი საფერფლეში გაკვეხილ სიგარეტზე აქვს დაშტერებული და დახამხამებასაც ვერ ახერხებს, უნდა რომ მოწყდეს მაგრამ უფრო იძირება, სიგარეტის პატარა, წითელ სინათლეზე ფოკუსირდება, ვერ ხედავს მაგრამ გრძნობს როგორ იწვება სიგარეტი, ახსენდება მომენტები, როცა მიხვდა, ხო, მიხვდა (და არა იგრძნო) რომ სულ ერთი არ იყო რა მოხდებოდა მომავალში.

ზრუნვა დაიწყო აწმყოთი და მომავალი ვეღარ გათვალა, ამასობაში კი წარსულიც დაავიწყდა და აი ასე შერჩა უაზროდ იმ იდეებს, ილუზიებს და ოცნებას სიმწრის ღიმილშემხმარი ტუჩებით ბედის ანაბარა და ვეღარ ხვდება რა ქნას.

ყოველთვის პირდებოდა საკუთარ თავს, რომ უფრო პირდაპირი, უფრო ჯიუტი და უფრო სამართლიანი იქნებოდა, იმაზე ძალიან ”გაცივდებოდა„ ვიდრე აქამდე შეეძლო (და მაინც, რაც უკვე მკვდარია ის ვეღარ მოკვდება). ხვალ ისევ გათენდება დილა, ისევ ნახავს ნაცნობ სახეებს, აღმოჩნდება ნაცნობ სიტუაციებში და გადაავიწყდება წინა ღამით საკუთარ თავთან დადებული პირობა. დაავიწყდება, როგორ იჯდა გაოგნებული კომპიუტერის წინ და ფიქრობდა ”როგორ, რანაირად„. დაავიწყდება, როგორ უცემდა გული იმ წუთებში, აჩქარებული და დამძიმებული, როგორ ჩაუარა გულმკერდთან რაღაც სიცივემ და მუცლის შუა გულში როგორ მიიმალა. დაავიწყდება, რომ წინა ღამით ისევ შეახსენეს როგორია შეგრძნება, როცა გაგრძნობინებენ, მიგახვედრებენ, გეტყვიან – შენ არავინ ხარ, საერთოდ არავინ.

უბრალოდ ის შეყვარებული იდიოტია, რომელსაც აღარ ჯერა იმის, რომ გააჩნია უნარი ამ გრძნობას გაუფრთხილდეს. ის შეყვარებული იდიოტია, რომელიც არავის ჭირდება, რომელსაც ყველა იყენებს და რომელიც ყოველი მომდევნო დაცემის შემდეგ უფროდაუფრო უჭირს წამოდგომა. ბოლოს არ იცის რა იქნება მაგრამ ახლა გაუნძრევლად ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლაცდა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლების განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება მათი არსებობის, რომელიც მათ შორის ისევ დგას და მუდამ იქნება აღმართული. რას ვიზამთ, ის შეყვარებულია, თუმცა მაინც იდიოტი.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: