უკვე დასრულებული ამბის დასასრული

არ ვიცი რამდენჯერ უნდა დავემშვიდობო, რომ გავუშვა. არ ვიცი როდის გავიღვიძებ ისე რომ არ გამახსენდეს. არც ის ვიცი ამ პოსტებს რატომ ვწერ მაგრამ იყოს ეს (საბოლოოდ) მერამდენეღაცა პოსტი იმ ამბის პატივსაცემად, რომელსაც ოდესმე შესაფერის მემორიალს, მელოდიას, პოემას ან ფილმს თუ არა, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი საათებიდან ალბათ ნახევარს მაინც მივუძღვნი. აქ ამით დავასრულებ მე ჩემს ამბავს, რომელსაც წლებია ვწერ ბლოგზე.

ეს ამბავი კი ასე დაიწყო. (მგონი ამ დეტალებს პირველად (და უკანასკნელად) ვწერ და იმედია არასოდეს ვინანებ)

***

როცა პირველად დავინახე, რომ ვაღიარო, ვერც კი ვიცანი. უფრო სწორედ ვერ წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა ის ნამდვილი ყოფილიყო, რეალური და თან მითუმეტეს ჩემს პირისპირ მდგარიყო. მშვიდად მოდიოდა კორპუსებს შორის, რაღაც მომენტში მომეჩვენა კიდეც რომ არ უნდოდა მოსვლა მაგრამ თითქოს მხოლოდ გაუგებარი ინტერესი აიძულებდა ნაბიჯებს აჰყოლოდა, მოდიოდა და მაკვირდებოდა.

შორიდანვე ვგრძნობდი ამას, რომ ფიქრობდა – მე უბრალოდ ერთი პატარა, გალეული, არც ისე ჭკვიანი, მოკლედ – მისთვის შეუფერებელი ტიპი ვიყავი. მის პირველივე გამარჯობაში იგრძნობოდა ეჭვი, რომ ეგონა არაფერი გამოვიდოდა.  მისმა პირველმა გაღიმებამ კი, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, მაინც თავისი გაიტანა და დამარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად არ ვცდებოდი – მიყვარდა. ხო, მე ეს დიდი გაუგებრობა ყოველთვის მჭირდა, ამაში მრავალი წლის გამოცდილი ვიყავი და ახლა ეს, თითქოს ეს პატარა არარეალური გატაცება უცებ ძალიან დიდ და სერიოზულ ამბავში გადაიზარდა.

ამბავი კი რეალურად, რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ბევრისთვის ძალიან უმნიშვნელო, ერთი პატარა პოსტით დაიწყო, შეიძლება უფრო ადრეც მაგრამ მაინც იმ პოსტს მიუძღვის დიდი წვილი ამ ყველაფერში, სადაც ეწერა რომ ჩემი ამბიციები, რომ ოდესმე ვნახავდი მას, უბრალოდ მიწასთან სწორდებოდა და ნადგურდებოდა.

მაშინ, სიბრაზემ, ეჭვიანობამ და იმედგაცრუებამ გამაბედინა რომ ვაღიარე, მაშინ ვაღიარე ის, რასაც ამ დროს სუსტები, როგორც წესი, ნებდებიან და გაურბიან ხოლმე ამ აზრს. ზუსტად აღარ მახსოვს რა და როგორ ვუთხარი, უფრო სწორედ მივწერე (ეს რამდენიმე დღეს გაგრძელდა) მაგრამ ის უკვე ჩემსკენ მოდიოდა, თუმცა არც ისე იმედის მომცემი მზერით.

ხო, ამ ზემოთ ხსენებულ პოსტში ერთადერთი სასაცილო ის არის, რომ მახსენებს იმ მომენტებს, როგორ მომწონდა, როგორ მსიამოვნებდა როცა მატყუებდა და თან იცოდა რომ ვიცოდი რომ მატყუებდა მაგრამ მაინც, სხვა გზა არ ქონდა, მატყუებდა. ეს ერთადერთი ტყუილი იყო რაც მთელი ამ დროის განმავლობაში მან მითხრა, პირველი და უკანასკნელი, პირველივე დღეს. დღემდე მჯერა მისი ამ ტყუილის, მიუხედავად იმისა რომ ვიცი ტყუილია. ამხელა პარადოქსებს მხოლოდ მე თუ მოვიგონებ მაგრამ ეს სიმართლეა.

***

თავისუფალ მაგისტრალზე მივდიოდით, მე საჭესთან ვიჯექი, ის ჩემს გვერდით იჯდა. ზაფხულის ცხელი დღე იდგა, ქილის ცივ ყავას ვსვამდით და უბრალოდ მუსიკას beauty-car-couple-legs-Favim.com-5097715ვუსმენდით. ეს სწორედ ის მოგონებაა, როცა ძალიან მომინდა (როგორც ფილმებშია), ორივეს მაგრად დაგვეკიდა ჩვენ უკან დარჩენილი მთელი მსოფლიო და ასე თავზეხელაღებულები გავქცეოდით ყველაფერს. ქილის ყავით, ჩიფსებით, ბოლომდე ხმამაღლა აწეული მუსიკით და მანქანის ოდნავ მომაბეზრებელი ძრავის ხმაურით, რომელიც მინდოდა აღარასოდეს ჩამქრალიყო. დაუსრულებლად გრძელ გზებზე გვევლო და საბოლოოდ სხვა რეალობაში ამოგვეყო თავი.

ეს ის მოგონებაა, რომელზეც იმდენჯერ მეცინება რამდენჯერაც მივალ იმ მომენტამდე, როგორ დამცინა და ჩუმად გაბრაზდა, როცა მის ნაჩუქარ და იმ დილით ძლივს, ფაქიზად გაუთოებულ თეთრ ზედაზე ყავა გადავისხი; როცა იმდენჯერვე მწყდება გული რამდენჯერაც მახსენდება, რომ ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი გასეირნება ერთად, როცა მარტო ჩვენ ვიყავით, მხოლოდ ჩვენ ორნი. ეს ის მოგონებაა, სადაც თავს უბრალოდ კომფორტულად ვგრძნობ და ალბათ ამიტომ არ გამჩენია ოდესმე სურვილი ეს აქ დამეწერა. ახლა უკვე რა მნიშვნელობა აქვს.

საშინელია სინანული და ფიქრი – რატომ არ ამბობდი რასაც იმ მომენტებში გრძნობდი, რაც გინდოდა, რაც უბრალოდ გაბედნიერებდა. რატომ არ ვამბობდი მაშინ ამ ყველაფერს. არადა რამდენს ვფიქრობდი. იქნებ მართლა დაგვეკიდა მაშინ ორივეს მთელი მსოფლიო და თუნდაც უცხო ქვეყანაში წავსულიყავით, მარტო ჩვენ ორნი (არა, სამნი) და იქნებ იმ დღევანდელივით მოგვევლო ფეხით უცხო ქვეყნის ყველა ქუჩის კუთხეები. იქნებ ჩვენი ოცნების ქალაქშიც ჩავსულიყავით ოდესმე და ჩვენი ოცნების სახლი აგვეშენებინა. იქნებ სხვა მომავალი გვქონოდა. ბულშით. ახლა უკვე რა მნიშვნელობა აქვს.

***

სასაცილოა მაგრამ ყოველ შეხვედრისას, რატომღაც, ჩვენი საუბარი, ჩემი ან მისი ინიციატივით, იმ ტაქსისტებზე ხუმრობებით იწყებოდა, რომელმაც მასთან მიმიყვანა. ან იმ მანქანაზე წუწუნით, რომელსაც ხან საბურავი ეშვებოდა და ხან ძრავაში ვერ იყო რაღაც წესრიგში (ეს საუბარი უფრო ჩემი ინიციატივით) 🙂

შემდეგ სამსახურზე ხუმრობების დრო დგებოდა ხოლმე, დღის თემის განხილვა, როგორც წესი, მაინც ეს იყო და მეც უბრალოდ ვუსმენდი იმ პერსონაჟების ცხოვრების დეტალებს, რომელიც თვალითაც კი არ მყავდა ნანახი მაგრამ ყველას ძალიან კარგად ვიცნობდი. ვუსმენდი და ვფიქრობდი, როგორ არ მინდოდა გათენებულიყო.

კარგად ვხვდები, რომ ასეთი ვახშამი აღარავისთან აღარასოდეს აღარ მექნება და რომ მაგონდება, კიდევ იმდენი დეტალია, რასაც აქ (მიუხედავად იმისა რომ უკვე ძალიან ღრმად შევტოპე) ვერ დავწერ, თუმცა კარგად მახსოვს როგორ ვისწავლე ორსართულიანი ხინკლის მოხვევა, გულის ფორმით სოსისის შეწვა, ქათმის ისე გაჩეჩვა, რომ ძვალი არ გადაყვეს 🙂 და როგორ ვერაფრით ვისწავლე პერსონაჟების აწყობა და სახლების გემოვნებიანად აშენება (მახსოვს როგორ მშურდა ხოლმე ამის) 🙂 კარგად მახსოვს როგორ ვისწავლე ტკბილი ბლინების გამოცხობა; ახლა მეცინება და არ მესმის როგორ დიდი სიამოვნებით და ინტერესით ვუყურე „ვამპირის დღიურების“ ყველა სეზონს;

***

შემიძლია თამამად ვაღიარო, რომ მან მუსიკა ხელახლა შემაყვარა. შეიძლება მაშინ სუბიექტური იყო მაგრამ წერის უნარში თვითდაჯერება და სურვილიც დღემდე მისგან მომყვება. შემიძლია თამამად ვაღიარო, რომ ჩემი სწავლა-განათლება, ნახევარი მისი დაჟინების და თხოვნის შედეგია. გემოვნებაზეც კი მოახდინა გავლენა. თინეიჯერობაც კი ჩავლილი იყო და მე მაინც პატარა ბავშვივით ყოველ დღე ახალს ვსწავლობდი მისგან.

შემიძლია თამამად ვაღიარო და არ მომერიდოს იმის თქმაც, რომ პიროვნებად მასთან ურთიერთობამ ჩამომაყალიბა. ის და მისი ეს ხასიათი, ეს დამოკიდებულება რომ არა, მასთან ეს ურთიერთობა რომ არა, როგორი ვიქნებოდი ახლა კაცმა არ იცი და ვერც კი წარმომიდგენია. ახლა ვხვდები ბევრ რამეს, როცა მაშინ მეგონა რომ ცდებოდა ამ ცხოვრების პრიორიტეტებში, თურმე ცამდე მართალი ყოფილა, მე კი იდიოტი. ახლა უკვე რა მნიშვნელობა აქვს.

***

ერთი კვირაა ამ პოსტის წერა დავიწყე და ისეთი რთული აღმოჩნდა კიდევ ბევრი რამის გახსენება, ისეთი ძნელი ყოფილა ხელახლა შეგრძნება, უკვე ჩავლილი და თითქმის შეგუებული იმედგაცრუებისა, რომ ამ ჩემს ახალ ცხოვრებაში ამაზე დიდი შეცდომა რაღა უნდა დავუშვა. ეს საკუთარ თავთან ომს გავს, საკუთარ ქვეცნობიერთან ომს. ვაგდებ, თითქოს ვივიწყებ კიდეც, ყურადღება სხვა მოვლენებზე გადამაქვს, თავს ვიღლი და აღარ ვფიქრობ მასზე მაგრამ საკმარისია თვალი მოვკრა მის საყვარელ ფერს, ოცნების ქალაქს, საკმარისია სადმე ჩვენი სიმღერის მხოლოდ პირველი რამდენიმე ნოტი გავიგო, რომ ყელში ბურთი მეჩხურება, მომენტალურად ვკარგავ რეალობის აღქმის უნარს და თვალებ გაშტერებული, ზომბივით დავდივარ ქუჩებში..

ამიტომ ჩავამატე შესავალი ამ პოსტში, რომ ხვალიდან უკვე ნამდვილად მომიწევს მისი დავიწყება, იმ მოგონებების დალუქვა და მის გარეშე ცხოვრების ხელახლა სწავლა, სხვა გზა არ არსებობს მაგრამ ალბათ ცხოვრების ბოლოს, რომელ ნავსაყუდელშიც შევა ჩემი გემი და სადაც ჩაუშვებს ღუზას, იქ დამხვდება იმ ქვეყნის, იმ გარეუბნის ის ნაპირი, რომელიც სურათებიდან ჩვენს აუხდენელ ოცნებად იქცა. იქ დამხვდება ისიც, ისიც იმ ნაპირეზე იქნება და მაშინ დაიწყება ნამდვილი, რეალური უსასრულობის უსასრულობა.

***

ბოლოს რომ ვნახე ჩემი დაბადების დღე იყო, ისეთი ბედნიერი ვიყავი. ცხოვრებაში უკანასკნელი სტადიის ამნეზია რომ დამემართოს ალბათ ეს მოგონება მაინც მემახსოვრება. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მას ბოლოჯერ ვხედავდი.

მე დავასრულე და ალბათ მაგიტომ ვნანობ ასე ძალიან, ჩემი არჩევანი იყო ეს ყველაფერი და ალბათ ამიტომ მძულდა (ხანდახან) საკუთარი თავიც. უნდა ვაღიარო ისიც, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში არაფერი არ მიცდია, მეტისმეტად სუსტი აღმოვჩნდი ამ მეტისმეტად ძლიერ სიყვარულთან. ძალიან დიდ დრამას რომ არ დავამსგავსო ეს ყველაფერი, პირდაპირ დავწერ – სურვილის მიუხედავად, უბრალოდ აზრი აღარ ქონდა აღარაფერს. აღარაფერი შეიცვლებოდა და აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.

***

ეს ამბავი კი ისე დასრულდა, რომ მართლა აღარ მახსოვს ჩვენი ბოლო საუბრისას მობილური როგორ გავთიშე, რა სიტყვებით დავემშვიდობე. მეხსიერებას ჯერ არ ვუჩივი მაგრამ ეს მომენტი მართლა წამეშალა, ვერაფრით გავიხსენე. არც ის ვიცი რატომ.. ახლაც ვერ ვპოულობ სიტყვებს, რითაც დავასრულებ ამ პოსტს მაგრამ თავის დროზე ალბათ ისედაც აქ დავუშვი დიდი შეცდომა, დამშვდობება არ მეხერხება..

We only said Goodbye with words.. I died a hundred times.. You go back to her.. And I go back to..

 

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “უკვე დასრულებული ამბის დასასრული

  1. tati

    “We only said goodbye with words..”
    სევდიანია..

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: